კახა კალაძე

კალაძე ნამახვანზე: ჩემი მინისტრობისას რომ საუბარი ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა

"ჩემი მინისტრობისას საუბარი არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, უკვე შენებულიც იქნებოდა", - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა საუბარი ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში.

კალაძის თანახმად, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტროსადგური უნდა აშენდეს და საქართველომ მაქსიმალურად აითვისოს ჰიდრორესურსები, რათა აღარ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ენერგიაზე. 

"ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე, ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის", - თქვა კალაძემ.

გუშინ, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

მთავარი მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხავნჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახავნჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები