ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ თქვა, რომ "ქართული ოცნების მარიონეტმა პრემიერმინისტრმა" აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა, რაც აღმაშფოთებელია.
ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.
"ქართული ოცნების მარიონეტმა პრემიერმინისტრმა ჩვენი პატივცემული და ღირსეული სახელმწიფო მდივანი ტყუილში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია. საქართველო ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მიერ არის ინფილტრირებული - მისი ქცევა უნდა შეიცვალოს!". - წერს უილსონი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც", ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ ამერიკული მხარისთვის ასეთი შეკითხვით არ მიუმართავთ.
"ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ". - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "აბა იტყუება რაბიო?" - კობახიძემ უპასუხა:
"არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას".
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.




