აშშ-ისრაელი

აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის

ჯო ბაიდენი/ბენიამინ ნეთანიაჰუ
CNN

აშშ ისრაელის 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის. გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ დღეს, 17 მაისს მიიღო. შეთანხმების ფარგლებში ისრაელი აშშ-სგან მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და სპეციალურ შეიარაღებას შეიძენს.

დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ტერორისტებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. აშშ მხარეებს მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრსა და პალესტინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მათ 17 მაისს იერიში მიიტანეს ჰამასის ცხრა ლიდერის საცხოვრებელზე, რომლებიც ტერორისტების ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა. სახლებს შორის იყო რამდენიმე ასმეთაურისა და დანაყოფების მეთაურების საცხოვრებლები. ასევე, 17 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებიც, რომლებსაც დაჯგუფება საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები