ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევა და მის მიერ შექმნილ "მშვიდობის საბჭოს" შეურთდა, რომელიც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, მსოფლიო ლიდერებით იქნება დაკომპლექტებული.
საბჭოში გაწევრიანებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ალბანეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, უნგრეთმა, ყაზახეთმა, მაროკომ და ვიეტნამმა.
Bloomberg-ის მიერ ნანახი მშვიდობის საბჭოს წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.
აღმასრულებელ საბჭოში უკვე დასახელდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი.





