აშშ-ისრაელი

თეთრი სახლი 29 სექტემბერს ნეთანიაჰუს უმასპინძლებს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 29 სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია. ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ჰამასი გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლები არ დააზიანონ

შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნეთანიაჰუს დაგეგმილი გამოსვლიდან მესამე დღეს გაიმართება.

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპმა თეთრ სახლში 15 სექტემბერს სატელეფონო საუბრის დროს დაპატიჟა. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან “კარგი” სატელეფონო საუბარი მანამდეც არაერთხელ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 9 სექტემბერს კატარში ჰამასის ლიდერებზე მიიტანა იერიში. 

ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შეხვედრა იქნება ისრაელის ლიდერთან.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კატარში ვიზიტისას ისრაელისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დოჰაში ჰამასის ლიდერებზე იერიშის გამო არ გაუკრიტიკებია. მისი თქმით, ჰამასისთვის საუკეთესო გამოსავალი დანებებაა, მაგრამ არც მოკლე სამხედრო ოპერაციის საჭიროებას გამორიცხავს.

კატარში ისრაელის იერიშმა ჰამასის ხუთი წევრი იმსხვერპლა, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფებაში მაღალი თანამდებობები არ ეკავათ.  მსხვერპლებს შორის იყო კატარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელიც. მომხდართან დაკავშირებით არაბული ქვეყნების მთავრობებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და 15 სექტემბერს საგანგებო შეხვედრა გამართეს.  

ტრამპის განცხადებით, მას მოსალოდნელ თავდასხმაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათანიაჰუმ Axios-თან ინტერვიუში კი თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს შეტევამდე 50 წუთით ადრე აცნობა.

როგორც ნეთანიაჰუ ინტერვიუში ამბობს, მისთვის ამ დრომდე პრიორიტეტულ პრობლემად რჩება მძევლების უსაფრთხოების საკითხი, რაზეც უკვე ყურადღება გაამახვილა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. პრემიერმინისტრმა დაამატა, რომ მათი ინფორმაციით ჰამასი მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებს, რაც ტრამპისთვისაც “შემაშფოთებელია”.


შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაცხადა, რომ, უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთთან თანამშრომლობით, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა.

ისრაელის მე-12 არხთან საუბარში მაღალჩინოსანმა თქვა, რომ იერიშისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანხმობა არსებობდა.

არაბულენოვანი მედიის ცნობით, იერიშის დროს შენობაში იმყოფებოდა ჰამასის ყველა მაღალი დონის ლიდერი, მათ შორის პოლიტიკური ფრთის მეთაური ხალილ ალ-ჰაია. ამას გარდა, ამავე ცნობებით, შენობაში იმყოფებოდა ჰამასის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი ნაწილის მეთაური, ზაჰერ ჯაბარინი, ჰამასის შურას საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ დარვიში და უცხოეთში ჰამასის ლიდერი, ხალედ მაშაალი. მაშაალი, რომლის მკვლელობა ისრაელმა ჯერ კიდევ 1997 წელს ცადა, დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია.

კატარმა საკუთარ ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ მიტანილი ისრაელის იერიში "მკაცრად დაგმო" და დარტყმას "ლაჩრული" უწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ ანსარის თქმით, სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ჰამასის პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა. მისივე თქმით "კრიმინალური თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა". მან ასევე აღნიშნა, რომ კატარი "არ შეეგუება ისრაელის მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებას, რეგიონული უსაფრთხოებისთვის მიმდინარე ძირის გამოთხრასა და არც უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს".

კატარელი მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასის ლიდერები შეკრებილი იყვნენ, რათა განეხილათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფორმატი, რომელიც გასულ კვირაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა წარადგინა.

კომენტარები