25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის საშუალებას არ მისცემს.
"არ დავუშვებ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას. ეს არ მოხდება," განუცხადა ტრამპმა ოვალურ ოფისში შეკრებილ რეპორტიორებს და დაამატა, რომ ამ საკითხზე პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრა.
"ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას არ მივცემ, ეს არ მოხდება, ახლა გაჩერების დროა." - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამ კვირის დასაწყისში ისრაელელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Times of Israel-ს უთხრა, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუ დასავლეთ სანაპიროს ანექსიის თაობაზე გააფრთხილა, თუმცა, ისრაელისთვის ეს გაფრთხილება "დისკუსიის დასასრული" არ ყოფილა. მაღალჩინოსნის თქმით, ნეთანიაჰუმ მოლაპარაკებების გაგრძელება თეთრ სახლში ვიზიტამდე გადადო, რაც შემდეგ კვირას გაიმართება.
25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მუსლიმ და არაბ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "რაღაც დონის შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა."
ამას გარდა, სექტემბრის დასაწყისში The Times of Israel-თან ინტერვიუში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ანექსია იქნებოდა "წითელი ხაზი", რომელიც რეგიონულ ინტეგრაციას "დაასრულებდა".
"ისრაელს უნდა მოველაპარაკო, მათ იციან, რაც მინდა. ვფიქრობ ეს მიღწევადია, რადგან ბევრი ადამიანი იღუპება." - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობა მონაკომ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, მალტამ და ანდორამ აღიარეს მას შემდეგ, რაც წინა დღით იგივე ნაბიჯი გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ავსტრალიამ და პორტუგალიამ გადადგა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "გამარჯვება" უწოდა.
"რამდენადაც შორს არ უნდა წავიდეს ოკუპაცია თავისი დანაშაულების კუთხით, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას," განუცხადა მაჰმუდ მარდავიმ AFP-ს.
თავის მხრივ, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პასუხად, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".
"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.
"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.
"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.
ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."
პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, რომელმაც თქვა, რომ ეს ნაბიჯი "ჰამას აჯილდოებს."
პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, რომ "ჰამასს აჯილდოებ და არ მგონია, რომ ისინი უნდა დაჯილდოვდნენ."
"მე ამ ბანაკს არ მივეკუთვნები. გაცნობებთ, სადაც ვდგავართ, მაგრამ ამ ბანაკში არ ვარ. თუ ამას გააკეთებ, რეალურად ჰამასს აჯილდოებ და მე ამას არ ვაპირებ." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.





