დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრს და პალესტინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ/ჯო ბაიდენი/მაჰმუდ აბასი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერების სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ნეთანიაჰუსთან საუბარში ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლების "მტკიცე მხარდაჭერა", მაგრამ გამოთქვა შეშფოთება დაღუპულთა მზარდი რიცხვის გამო. ბაიდენმა ასევე დაგმო ჰამასის განურჩეველი თავდასხმები ისრაელის ქალაქებზე. ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს ჩართულობა და დიპლომატიური ძალისხმევა განიხილა. თეთრი სახლის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო ისრაელის ქალაქებში დაპირისპირებებს. ბაიდენმაც და ნეთანიაჰუიც "იზიარებენ სურვილს "იერუსალიმი იყოს მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილი ყველა აღმსარებლობის და წარმომავლობის ადამიანებისთვის". ლიდერები ახლო მომავალში მჭიდრო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან საუბრისას ბაიდენმა ისრაელზე ჰამასის სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბრისას ბაიდენმა ასევე აღნიშნა ამერიკის სურვილი, გაძლიერდეს აშშ-სა და პალესტინის პარტნიორობა. ბაიდენმა აბასს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე მოვლენებში აშშ-ს დიპლომატიური ჩართულობაზე. თეთრი სახლის თანახმად, ბაიდენმა გამოთქვა იმ მოქმედებების მხარდაჭერა. რომლებიც პალესტინელ ხალხს საშუალებას მისცემს ღირსეულად, დაცულად და თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. აშშ გეგმავს პალესტინის მხარდაჭერა აღადგინოს, რაც მოიცავს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

დაპირისპირება ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის მეშვიდე დღეა, გრძელდება. კვირას, 16 მაისს გზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ავრცელებენ. თავის მხრივ, ჰამასმა იერიში მიიტანა თელ-ავივზე.

კვირას საკითხის განხილვისთვის გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.

10 მაისიდან მოყოლებული ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის თანახმად, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის თანახმად, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები