დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ: ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, პალესტინელ ხალხს აქვს უსაფრთხოების უფლება

ნედ პრაისი

აშშ "ღრმად არის შეშფოთებული" ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე ესკალაციით და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. დაძაბულობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა.

"ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას და უპასუხოს სარაკეტო შეტევებს. პალესტინელ ხალხს, ისევე, როგორც ისრაელის მოქალაქეებს აქვთ უსაფრთხოებისა და დაცულობის უფლება". – თქვა პრაისმა.

ნედ პრაისმა მწუხარება გამოთქვა ორივე მხარეს დაღუპულების გამო და შეშფოთება გამოხატა იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებაში დაშავებულთა გამო.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიმშვიდე". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მანამდე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

"საჭიროა ყველა მხარის მხრიდან დეესკალაცია, დაძაბულობის შემცირება და მდგომარეობის დაწყნარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა". – თქვა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა დაგმო ჰამასი სარაკეტო შეტევა და მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, პასუხი გაეცა შეტევაზე.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ ჰოლონში თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 - დაშავდა, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავარი აეროპორტი ბენ-გურიონი რომელიც თელ-ავივიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული დროებით დაიხურა.

სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა სხვადასხვა ქალაქები ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის რიშონ ლე-ციონი, რამათ განი, სდოტი და ტაიბე. განგაშის სიგნალი ისმის შეფელას რეგიონის ქალაქებში, მათ შორის რამლასა და ლოდში.

Times of Israel-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასს მდგომარეობის დეესკალაცია სურდა, თუმცა თქვა, რომ თუ ისრაელი შეტევას არ შეწყვეტდა, პასუხის გასცემდა მოწინააღმდეგეს. დიპლომატის თანახმად, ისრაელს ესკალაციის დასრულებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე პასუხი არ გაუცია. მანამდე გამოცემა წერდა, რომ ისრაელი ჯერ მზად არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ხვალ დაიწყოს.

ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო შეტევის დაწყებამდე ჰამასი ისრაელს დაემუქრა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორზე შეტევას არ შეწყვეტდა, ჰამასის შემდეგი სამიზნე თელ-ავივი გახდებოდა.


ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის მდგომარეობის გამწვავების შემდეგ ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა ქალაქ აშქელონში სახლს მოხვდა. შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის საპასუხო ცეცხლს ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 24 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სარაკეტო დანაყოფის მეთაური.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები