კრიპტოვალუტა

ბიტკოინის მოსაპოვებლად გამოყენებული ენერგია ავსტრიის საჭიროებებს ორჯერ აღემატება

2009 წლიდან მოყოლებული, ბიტკოინის პოპულარობა – და ფასიც – მუდმივად იზრდება. მიმოცვლაში არსებული ჯამური ბიტკოინების საბაზრო ღირებულება $900 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც Facebook-ის ბაზრის კაპიტალიზაციაზე მეტია. 

ბიტკოინის ფასისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ექსპონენციალურად იზრდება მის მოსაპოვებლად საჭირო ელექტროენერგიის ოდენობა. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალური დეპარტამენტის მიხედვით, კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად წლიურად, საშუალოდ, 150 ტერავატი ელექტროენერგიაა საჭირო. კონტექსტისთვის, უკრაინა ყოველწლიურად 128 ტერავატ ენერგიას მოიხმარს, ნორვეგია – 124-ს, ნიდერლანდები – 110-ს, ავსტრია კი, რომლის საჭიროებებსაც ბიტკოინზე დახარჯული რესურსები ორჯერ დააკმაყოფილებდა – წელიწადში 67 ტერავატს ელექტროენერგიას იყენებს. 

ბიტკოინის მოსაპოვებლად საჭირო ელექტროენერგიის ოდენობის ზრდა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უკავშირდება – რაც უფრო მეტი კრიპტოვალუტაა მოპოვებული და მიმოქცევაში ჩაშვებული, მით უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებს ყოველი დამატებითი ბიტკოინის მოპოვება, რაც, ენერგიაზე მოთხოვნაში ისახება.

გაზრდილმა მოთხოვნამ უკვე მიიპყრო არაერთი სახელმწიფო რეგულატორის ყურადღება. მაგალითად, ჩინეთში, სადაც ჯამური "მაინინგის" ცენტრების 70%-ია განთავსებული, უკვე დაიწყო მომპოვებელი კომპანიების ინსპექტირება, მათ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ქვეყნის ენერგოეფექტურობაზე პოტენციური გავლენის შესწავლა.

კომენტარები