ნამახვანჰესი

ლომინაძე: სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ

"ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში", - თქვა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

ლომინაძის თქმით, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 6.2 ცენტი იქნება, რაც ნაკლებია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც 7-დან 13 ცენტამდეა პიკის საათებში.

"ნამახვანჰესის საბაზისო ტარიფი იქნება 6.2 ცენტი, პიკურ საათებში იმპორტირებული ენერგიის ფასი კი არის 7-დან 13 ცენტამდე. აქედან გამომდინარე, მესამე კლასის მათემატიკაა, რომ იმპორტირებული ენერგიის საშუალო შეწონილი 9.5 არის მეტი 6.2-ზე.

მთელი რიონის ხეობა თურქებზე არ გაყიდულა, ამ პროექტს გადაეცა მხოლოდ 2.9% ხეობისა და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ქართული პროექტი, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანას. არავითარ ექსპორტზე არ არის საუბარი 15 წლის შემდეგ თუ სხვა პერიოდში, როდესაც ქვეყანაში იქნება დეფიციტი", - აღნიშნა ლომინაძემ.

ლომინაძის თანახმად, კომპანია აპირებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს განათლება დაუფინანსოს, რათა მომავალში ისინი ხეობაში დაბრუნდნენ, გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება, რომ ტვიშის მიკროკლიმატზე გავლენა ჰესს არ ექნება.

"2006, 2007, 2011, 2012 წელს სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიების მხრიდან მოხდა ამ პროექტის რევიზია. დღეს, მათივე შეფასებიდან გამომდინარე, 3 კაშხლის ნაცვლად პროექტი ითვალისწინებს 2 კაშხლის აშენებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე. ეს დასკვნები უკვე დევს ჩვენს საიტზე, მიწოდებულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პლატფორმა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ეს გამოითხოვოს.

როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია, ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ ექნება, თუმცა აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონის შენარჩუნება მოხდება, ტვიში არ დაკარგავს თავის თვისებებს, ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან.

ჩვენ უპირატესობა გვაქვს მინიჭებული ხეობაში მცხოვრები პირებისათვის, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ დასაქმებულთა 80% იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ არამხოლოდ მუშახელის დატრენინგება გვაქვს დაგეგმილი, როდესაც ექსპლუატაციაში გაეშვება ეს ობიექტი, არამედ ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში". - თქვა ლომინაძემ.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტად აპროტესტებენ. განცხადების თანახმად, რომელსაც აქტივისტები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ, მათი მოთხოვნებია: 

  • გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია ენკას შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობამ 16 აპრილს დაყენებული პირობები არ დააკმაყოფილა და მაისში ისინი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

კომენტარები