აშშ-რუსეთი

ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს ისლანდიაში შეხვდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მათ განიხილეს მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა ისლანდიაში, არქტიკული საბჭოს მინისტერიალის მიმდინარეობის დროს. ბლინკენის თქმით, შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკას გადახედავენ. 

"ჩვენ რუსეთთან ჩართულობას ვაგრძელებთ აშშ-ს ინტერესების წინ წასაწევად და ამასთან ერთად, მკაფიოდ ვუდგებით იმ გამოწვევებს, რასაც რუსეთი ქმნის". – წერს ბლინკენი.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მალე ელის

26 აპრილს კრემლის სპიკერის,  დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნამდვილად ზაფხულის თვეებში იგეგმება.

მანამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები