ვაქცინაცია

ბოლო 24 საათში COVID 19-ის ვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა, ჯამში – 54 687

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აცრა 54 687-მა პირმა გაიკეთა, მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა, 8 700-მა მოქალაქემ გაიკეთა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო.

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები