ვაქცინაცია

მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ დოზაზე მეტი გაკეთდა

Bloomberg

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე გაკეთდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ 9 მილიონზე მეტი დოზა. 25 აპრილის მონაცემებით, გლობალურად ყოველდღიური აცრის ტემპი 18.3 მილიონი დოზაა. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს. მსოფლიოში აცრილთა 37.5% ყველაზე მდიდარ 27 სახელმწიფოზე მოდის. აბსოლუტური მაჩვენებლებით ლიდერობს ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც უკვე გაკეთდა 226 მილიონი დოზა ვაქცინა, რაც მოსახლეობის 35.2%-ს ფარავს. აშშ-ს მოსდევს ჩინეთი 216 მილიონი დოზით (მოსახლეობის 7.7%) და ინდოეთი 140 მილიონი დოზით (მოსახლეობის 5.1%).

რაც შეეხება აცრილი მოსახლეობის წილს, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ლიდერი კუნძულოვანი სახელმწიფო სეიშელია (63.1%), შემდეგ კი ისრაელი, სადაც ვაქცინა მოსახლეობის 57.4%-ს გაუკეთდა. 24 აპრილს 10 თვის განმავლობაში პირველად ისრაელში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა.

Bloomberg-ის პროგნოზით, არსებული ტემპით ვაქცინაციის გაგრძელების შემთხვევაში მსოფლიოს გლობალური იმუნიტეტის მისაღწევად, დაახლოებით, კიდევ 1 წელი დასჭირდება. 

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 37 590 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში აიცრა 1 533 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 23 888 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 966 ახალი შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4.04%, ბოლო 14 დღის – 3.96%, ბოლო 7 დღის – 4.57%

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.


აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები