ისრაელი

ისრაელში 10 თვის განმავლობაში პირველად Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა

მედიკოსი თელ-ავივის ბარში ისრაელის მოქალაქეს Covid-19-ის ვაქცინას უკეთებს.

ისრაელში 10 თვის განმავლობაში პირველად, 22 აპრილს Covid-19-ით არავინ გარდაიცვალა. 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი უცვლელი – 6 346 დარჩა. 

ბოლოს ისრაელში ასეთი დღე 2020 წლის ივნისში იყო, როდესაც შეზღუდვების შედეგად პირველი ტალღის დროს ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. 

ამჟამად კი ისრაელს მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 22 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 მილიონი ადამიანია აცრილი.

ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქება დაწყებულია. 18 აპრილიდან ისრაელში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 9-მილიონიანი მოსახლეობის 53%-ს ვაქცინის ორივე დოზა უკვე გაკეთებული აქვს. 

"ეს ჯანდაცვის სისტემის და ისრაელის მოქალაქეების უდიდესი მიღწევაა". - წერს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იული ედელსტეინი

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს. ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან

თებერვალში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ით დაავადების რისკი 95.8%-ით შემცირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.

ისრაელში ამჟამად ემზადებიან, რომ აცრან 12-15 წლის ბავშვებიც. მათ აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც აშშ-ს საკვებისა და წამლების მარეგულირებელი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინას დაამტკიცებს.

კომენტარები