ვაქცინაცია საქართველოში

1 დღეში ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 40 000-მდე პირმა გაიარა, 95%-მა Pfizer-ი აირჩია

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

გუშინ, 19 აპრილს  საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა. ამ დროისთვის დარეგისტრირდა 39,682, აქედან უმრავლესობამ Pfizer-ი აირჩია.

რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

პირადი მონაცემების შევსების პარალელურად, რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას". – წერია რეგისტრაციის პორტალზე.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ამჟამად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რედაქტირება

კომენტარები