საფრანგეთი

ლე პენს ევროპარლამენტის ფულის მითვისების საქმეზე შინაპატიმრობა მიესაჯა

REUTERS/Christian Hartmann

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა სასამართლომ შეამცირა ლე პენის მიერ არჩევნებში მონაწილეობასა და თანამდებობის დაკავებაზე მოთხოვნილი 5-წლიანი შეზღუდვა და ულტრამამემარჯვენე პოლიტიკოსს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა შეეძლება. თუმცა განაჩენამდე ლე პენმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული სამაჯურით არ მიიღებდა. 

ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია ეროვნული გაერთიანება 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის, საიდანაც 1 მილიონი ევრო პირობითია. POLITICO-ს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს პარტიას, რომელიც უკვე აწყდება სირთულეებს მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად საბანკო სესხის მოპოვების კუთხით. ამასთან, სასამართლომ საქმის ფიგურანტებს ევროპარლამენტისთვის 1.9 მილიონი ევროს დაბრუნებაც დაავალა, როგორც არამიზნობრივად გამოყენებული თანხის ანაზღაურება.

ლე პენი და მისი პარტიის 24 ყოფილი ევროპარლამენტარი, თანაშემწე და ბუღალტერი 2025 წელს დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ გამოყენების საქმეზე. სასამართლოს დასკვნით, 2004-2016 წლებში მოქმედებდა სქემა, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საფრანგეთში პარტიის თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპარლამენტისთვის არ მუშაობდნენ.

კომენტარები