პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ჩვენმა პარტნიორებმა არჩევნების სამართლიანობა კვლავ დაადასტურონ და ხელს მოვაწერთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს იმ მოცემულობით, თუ საერთაშორისო პარტნიორები "კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი პრინციპების დაცვით ჩატარდა". 

მისივე თქმით, ასევე აუცილებელი პირობაა, რომ მომავალში ოპოზიციის მხრიდან გამოირიცხოს რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა. 

"ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში.

იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს".– ამბობს თალაკვაძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი მხოლოდ გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. მსგავსი პოზიცია აქვს ლელოს - მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ "პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტს გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და პოზიცია საბოლოოდ დააფიქსიროს". ის აღნიშნავს, რომ "შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ".

რაც შეეხება გირჩი - მეტი თავისუფლებას, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.  ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

კომენტარები