პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე ხელმოწერა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ნეტგაზეთთან ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე ისაუბრა. სამადაშვილის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა, ხელმოწერაზე უფრო დამაზიანებელი იქნება.

"ვფიქრობ, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად კომპრომისებს მოითხოვს ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი აზრი უფრო იხრება იქითკენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე ხელმოწერა". – თქვა სამადაშვილმა

სამადაშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა დოკუმენტში პლებისციტის საკითხის ჩაწერა, თუმცა მოცემულ ვითარებაში, ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების საკითხის მიბმაც კომპრომისულ ვარიანტია.

"მე მერჩივნა, რომ პლებისციტის საკითხი ყოფილიყო დაფიქსირებული, ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა არ მომწონს, მაგრამ ამავე დროს ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციას შეუძლია, პლებისციტად აქციოს გარკვეულწილად და იბრძოლოს იმისთვის, რომ სწორედ ადგილობრივ არჩევნებზე მოიპოვოს ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს გარდაუვალი და სხვა უკეთეს ფორმულას ამ წუთში ვერ ვხედავ, რადგან პლებისციტს არ თანხმდება “ქართული ოცნება". – ამბობს სამადაშვილი

სადამაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონი  მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, თუმცა საჭიროა კანონზე მუშაობა, რომ არ შეეხოს ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ჩაიდინეს დანაშაული.

"რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ამაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტში ჩვენ უზრუნველვყოთ ის, რომ ის მუხლები, რომლებიც შეეხება სამსახურეობრივ დანაშაულს, ანუ კონკრეტულად ადამიანების დაზიანებას, ამ მუხლებს არ შეეხოს ამნისტია". – თქვა სამადაშვილმა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

"ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელიც

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. 

რაც შეეხება გირჩი - მეტი თავისუფლებას, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.  ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

კომენტარები