ავღანეთი

ბაიდენი ავღანეთიდან გასვლაზე: სამუდამო ომის დასრულების დროა

ჯო ბაიდენი

14 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების საბოლოო გაყვანას 1 მაისიდან დაიწყებს და 11 სექტემბერს დაასრულებს. ამასთან ერთად, NATO-ს სარდლობის ქვეშ მყოფი უცხოური ჯარები ავღანეთიდან 11 სექტემბრამდე გავლენ.

ჯო ბაიდენის თქმით, "სამუდამო ომის დასრულების დროა".​

NATO-ს წევრები 14 აპრილს აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმდნენ - ავღანეთიდან გავა დაახლოებით, 7 000 ჯარისკაცი, NATO-ს წევრი ქვეყნებიდან, საქართველოდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან. ასევე, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ქართველი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. 

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ესაუბრა. 

"ჩვენ თავს დაგვესხნენ. ჩვენ ომში მკაფიო მიზნებით წავედით. ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზნებს" - ბაიდენმა აღნიშნა, რომ ალ-ქაიდას ლიდერი, ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი ამერიკულმა ძალებმა 2011 წელს მოკლეს, ხოლო ტერორისტული ორგანიზაცია "დეგრადირდა". 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თქმით, "ეს ავღანეთთან ჩვენი ურთიერთობის არა დასასრული, არამედ ახალი თავის დასაწყისია". მისი თქმით, NATO კვლავ ავღანელი ხალხის გვერდით იდგება, მაგრამ "ახლა დროა ავღანელმა ხალხმა ააშენოს მდგრადი მშვიდობა, რაც ძალადობას დაასრულებს". 

ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმება 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში შედგა. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შეასრულა თალიბანმა დადებული პირობა ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. 2020 წლის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების თანახმად აშშ და ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების 14 თვეში გაიყვანდნენ, თუ თალიბანი დადებულ პირობებს შეასრულებდა, მათ შორის არ მისცემდა ალ-ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ემოქმედათ და ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანმა შეწყვიტა საერთაშორისო ძალებზე თავდასხმები, თუმცა აგრძელებს დაპირისპირებას ავღანეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად დაჯგუფებამ თალიბანის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა, რასაც ავღანეთის ხელისუფლება დათანხმდა. პირდაპირი მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის დოჰაში 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პროცესი წარმატებული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები