სამშვიდობო მისია ავღანეთში

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები NATO- სთან შეთანხმებით ავღანეთს დატოვებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ქართველი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით მოხდება. 

"როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას". - აღნიშნულია განცხადებაში. 


აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, აშშ-ს ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანოს. 

როგორც გამოცემა CNBC-წერს, ანონიმური წყაროს თანახმად, ავღანეთიდან ჯარების სრული გაყვანა, შესაძლოა, სექტემბრამდეც დასრულდეს. 

დადასტურების შემთხვევაში 11 სექტემბრის ვადა მნიშვნელოვნად სცდება აქამდე დაწესებულ ვადებს, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ავღანეთიდან ჯარები 1 მაისამდე უნდა გაეყვანა. გასულ თვეს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დათქმულ ვადებში ავღანეთიდან ჯარების გაყვანა რთული იქნებოდა, რასაც თალიბანის უკმაყოფილება მოჰყვა. 

ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმება 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში შედგა. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შეასრულა თალიბანმა დადებული პირობა ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. 2020 წლის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების თანახმად აშშ და ნატო ავღანეთიდან სამხედრო ძალების 14 თვეში გაიყვანდნენ, თუ თალიბანი დადებულ პირობებს შეასრულებდა, მათ შორის არ მისცემდა ალ-ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ემოქმედათ და ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანმა შეწყვიტა საერთაშორისო ძალებზე თავდასხმები, თუმცა აგრძელებს დაპირისპირებას ავღანეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად დაჯგუფებამ თალიბანის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა, რასაც ავღანეთის ხელისუფლება დათანხმდა. პირდაპირი მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის დოჰაში 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პროცესი წარმატებული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები