დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი: რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კვლავ მხარს ვუჭერთ

აღმოსავლეთ უკრაინაში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ბრიუსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. 

"დღეს მე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, შევხვდი, რათა განგვეხილა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, დონბასსა და ყირიმში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე". - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ნედ პრაისმა, აღნიშნა, რომ ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის განზრახ ქმედებებზე, რათა დაძაბულობის ესკალაცია მოეხდინა უკრაინასთან "მათ შორის, მისი აგრესიული რიტორიკით და დეზინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების ზრდით და ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან ჯარის გადაადგილებით"

პრაისმა აღნიშნა, რომ კულებამ და ბლინკენმა ასევე განიხილეს უკრაინაში კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მნიშვნელობა და ეკონომიკური რეფორმები, რათა გაძლიერდეს უკრაინის ინსტიტუტები, ანტიკორუფციული ძალისხმევის მხარდაჭერა და რომ უფრო წინ წავიდეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებები.

ამავე დღეს, 13 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრა შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. ბრიუსელში შეხვედრამდე სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშების თანახმად, სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწტყვეტის რეჟიმი. შეთანხმების დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

კომენტარები