ეკონომიკა

აშშ-ში ვაქცინაცია დაჩქარდება, IMF-ის მიხედვით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რეკორდული იქნება

ჯო ბაიდენი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს აშშ-ს ეკონომიკა  6.4% -ით გაიზრდება, რაც 1984 წელის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამ პროგნოზის მიზეზად IMF-ი ორ მთავარ ფაქტს ასახელებს

  1. ბაიდენის მიერ ინიცირებული 1.9 ტრილიონ დოლარიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს COVID-19-ისგან მიყენებული ზარალის შემცირებას
  2. აშშ-ს "უპრეცედენტო რეაგირება" პანდემიის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ვაქცინაციის ეფექტიან კამპანიას

ამ ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, რეცესია იმაზე უფრო ნაკლებ "ჭრილობას" დაუტოვებს აშშ-ს, ვიდრე 2008 წლის კრიზისი, მაშინ, როდესაც 2020 წელს ამერიკის მთლიანი ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა.

ეს ზრდა უკვე აისახა სამუშაო სექტორზე. გასულ თვეს ამერიკამ 916 000 ახალი სამუშაო შექმნა, რაც აგვისტოდან მოყოლებული ყველაზე დიდი ზრდაა.

ამასთან ერთად, გუშინ, 6 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება დაანონსა. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ში ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ვაქცინაცია 19 აპრილისთვის უნდა დაიწყოს. აქამდე მის მიერ დათქმული თარიღი პირველი მაისი იყო. 

დღიურად ამერიკაში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, აქედან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს უკვე აქვს მიღებული ვაქცინის ორი დოზა. New York Times-ის მიხედვით, მთლიანი მოსახლეობის 32%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა.


შეგახსენებთ, რომ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, უფრო ზუსტად, მისი პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება, მაშინ, როდესაც წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

2020 წლის ოქტომბერში IMF საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაშინ პროგნოზის 4.3%-მდე შემცირების მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდა და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავება დაასახელა.

 

კომენტარები