ვაქცინაცია

NCDC: გასულ 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 363-მა პირმა გაიკეთა, სულ აცრილია – 14 207

7 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 14 207 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 363-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 27 713 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.48%, რაც წინა დღეს 3.65% იყო. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელია 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %.

კომენტარები