ვაქცინაცია

გასულ 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 214-მა პირმა გაიკეთა, სულ აცრილია – 12 846

www.collective-evolution.com

6 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 12 846 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 214-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 592 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 196  პაციენტი.  

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 269 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 719 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პაციენტი.

6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

კომენტარები