ლარის გაცვლითი კურსი

როგორ მოქმედებს ლარის კურსზე ექსპორტი, ინვესტიციები, გზავნილები და ტურიზმი

ლარის გაცვლითი კურსი

როგორ მოქმედებს ლარის კურსზე ექსპორტი, ინვესტიციები, გზავნილები და ტურიზმი

რა აუფასურებს ან ამყარებს ლარს? როგორ იცვლებოდა ეს ფაქტორები ბოლო წლებში? როგორია საქართველოს სავაჭრო ბალანსი და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების ოდენობა? რამდენადაა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა და ქართული ლარი რუს ტურისტებზე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სტატიაში შევეცადეთ.

ქართული ვალუტა უფასურდება.

2021 წლის მარტის ბოლოს, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4464 ლარის ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ანალოგიურად მძიმეა სიტუაცია ევროსთან მიმართებითაც, 31 მარტის მდგომარეობით, 1 ევროს ღირებულება 4.0426 ლარი ღირდა. 

ოპტიმისტურად არც მოლოდინები გამოიყურება: TBC Capital-ის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იმერყევებს, ისიც, საბაზისო სცენარში. 

გაუფასურებული ლარის სიმძიმე, განსაკუთრებით, სამომხმარებლო პროდუქტების ფასში ვლინდება – რადგან საქართველო სურსათის, ელექტრონული მოწყობილობების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლის მსხვილი იმპორტიორია, ლარის გაუფასურება ცხოვრების ღირებულების ზრდასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია. 

მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2021 წლის მარტში, წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი(35.8%), ყავა და ჩაი(13.7%), ტკბილეული(13%) და თამბაქო(12.8%) გაძვირდა. პროდუქტის თითოეული კატეგორია, უმეტეს წილად, იმპორტირებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვალუტის გაუფასურება მხოლოდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებთან კავშირში ვერ იქნება, რადგან ქართული ლარი, ევროსა და დოლართან მიმართებით, უკვე წლებია უფასურდება:

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მყარი დოლარის" არგუმენტის მიღმა, სტატიაში ვეცდებით, ის ფაქტორები განვიხილოთ, რომლებიც ვალუტის გაცვლითი კურსის ფორმირებაში, მის გამყარებასა თუ გაუფასურებაში იღებენ მონაწილეობას. რადგან გაუფასურება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე იწყება, ანალიზიც, სწორედ, ბოლო რამდენიმე წელს შეეხება.

როგორ დგინდება ვალუტის გაცვლითი კურსი?

პროცესის კომპლექსურობის მიუხედავად, თავისუფალ ცურვაში მყოფი ვალუტის ფასს, ანუ გაცვლით კურსს, მოთხოვნა-მიწოდების ძალები არეგულირებს. კერძოდ, რაც უფრო მოთხოვნადია ვალუტა, მით უფრო მაღალია მისი ფასი, ანუ კურსი, ხოლო რაც უფრო ნაკლებად სჭირდებათ – მით უფრო ეცემა მისი ფასი. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად იზრდება მიწოდება, მით უფრო ნაკლებდეფიციტური ხდება ვალუტა, რაც მას აუფასურებს, შეზღუდული მიწოდება კი – პირქით, აძვირებს.  

მექანიზმი ძალიან ჰგავს მარწყვის, ან სხვა ნებისმიერი ხილის ბაზარს: თუ მარწყვზე მოთხოვნა რომელიმე გაზაფხულზე ძალიან მაღალია, ან, მეორე მხრივ, თუ გვალვებმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ხილის ფასი აიწევს. საპირისპირო შემთხვევებში – თუ მოსახლეობამ მარწყვი აითვალწუნა ან მეტისმეტად ნაყოფიერი წლის შემდეგ, არნახული მოსავალი მოვიდა – პროდუქტზე დაბალი ფასი დადგინდება.

და მაინც, რას ნიშნავს ვალუტაზე მოთხოვნა?

  • როდესაც ტურისტს ქართული პროდუქტის შეძენა სურს, მან, პირველ რიგში, ქართული ვალუტა უნდა იყიდოს, ანუ – გადამცვლელ ჯიხურში მოითხოვოს.
  • როდესაც ქვეყნიდან პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს, ადგილობრივი ფირმა შემოსავლებს უცხო ვალუტაში იღებს, რომელსაც შემდგომ ქართულ ლარში ახურდავებს, რათა ხელფასები და საბიუჯეტო გადასახდელები გადაიხადოს, შედეგად – უცხოური ვალუტის სანაცვლოდ ქართულ ლარს ითხოვს.
  • თუ უცხოელი ინვესტორი ქვეყანაში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს, თავისი ვალუტა ქართულ ლარში უნდა გადაცვალოს და ინვესტიცია ისე განახორციელოს, რადგან უცხოური ვალუტით ვერც ფაბრიკას ააშენებს და ვერც ხელფასებს დაარიგებს.
  • როდესაც სხვა ქვეყნებიდან უცხო ვალუტას გვიგზავნიან, უცხოელებივით თავადვე ვიქცევით – მივდივართ გადამცვლელ ჯიხურებში და გამოგზავნილ უცხო ვალუტას ეროვნულზე ვცვლით, რათა ადგილობრივი პროდუქცია შევიძინოთ.

ოთხივე შემთხვევას ერთი საერთო აქვს – ქართულ ლარზე მოთხოვნა იზრდება. როცა ინვესტორი, ტურისტი, ექსპორტიორი თუ ფულადი გზავნილის ადრესატი უცხოურ ვალუტას თმობს და სანაცვლოდ ლარს ითხოვს, ამ დროს ამ უკანასკნელის ღირებულება იზრდება, რასაც, უფრო ხშირად, გამყარებას ვეძახით. პროცესი ზუსტად ისევე მიმდინარეობს, როგორც ბაზარში, როცა რამდენიმე კლიენტის მიერ ერთი და იმავე პროდუქტის მოთხოვნა საბოლოოდ მის ფასს მაღლა სწევს. საპირისპიროდ, თუ ქვეყანაში არც ტურისტები და ინვესტორები შემოვლენ და არც უცხოურ ვალუტას გამოგზავნის ვინმე, ლარიც არავის დასჭირდება და სხვა ვალუტებთან მიმართებით, გაუფასურდება.

რეალურ, კომპლექსურ სამყაროში, ორი ქვეყნის ვალუტების გაცვლით კურსზე საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციისა და უმუშევრობის დონე, მთლიანი შიდა პროდუქტი და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც ახდენენ გავლენას, თუმცა სიმარტივისთვის, სტატიაში ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც გაცვლითი კურსის ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობენ.

საგარეო ვაჭრობა ბოლო 9 წლის განმავლობაში

სავაჭრო ბალანსი – სხვაობა ჯამურ ექსპორტსა და იმპორტს შორის – ქვეყნის ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, თუ ქვეყანა უფრო მეტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს, ეს ნიშნავს, რომ მის ვალუტას უცხოელები უფრო მეტად ითხოვენ, ვიდრე ადგილობრივები – უცხოურს. საპირისპიროდ, როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსი ნეგატიურია, ანუ იმპორტი ექსპორტს აჭარბებს – ქვეყანა საზღვარგარეთიდან უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის, შედეგად, უცხო ვალუტაზე ადგილობრივი მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე უცხოელებისა – ადგილობრივზე.

2012-2019 წლების პერიოდში – პანდემიის წლის იგნორირებით – საქართველოს სავაჭრო ბალანსი მუდამ უარყოფითი იყო. მეტიც, აბსოლუტურ რიცხვებში, 2019 წელს, 2012-თან შედარებით, იმპორტის ჯამური რაოდენობა $1.46 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ექსპორტისა კი – $1.42-ით. გარდა იმისა, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოს ისედაც ნეგატიური სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდა, 2018-2019 წლებში, ყოველწლიური იმპორტის რაოდენობა უფრო მეტად აჭარბებდა ექსპორტს, ვიდრე 2012 წელს: კერძოდ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის წელს, ნეგატიური სავაჭრო ბალანსი –$5.68 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2018-2019 წლებში კი – $5.98-სა და $5.72-ს, შესაბამისად.

საქსტატი

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოყოლებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, 2012-2019 წლებში არათუ გაუმჯობესდა, არამედ მცირედით გაუარესდა კიდეც.

ცალკე აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებული იმპორტი. 2012 წელს, ოკუპანტისგან საქართველო $477 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდულობდა, ეს მაჩვენებელი 2019 წელს თითქმის გაორმაგდა და $977 მილიონი დოლარი შეადგინა, 2020 წელს კი ოდნავ შემცირდა:

საქსტატი

გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წელი. პანდემიით გამოწვეული შოკის ფონზე, საქართველომ იმპორტირებული საქონლის რაოდენობა მნიშვნელოვნად, $1.49 მილიარდი დოლარით შეამცირა, თუმცა, საექსპორტო საქონლის ხასიათიდან გამომდინარე, ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ $0.46 მილიარდი დოლარით გაუარესდა.

დასკვნა: ქართული ლარის სიმყარეზე წლებია უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაწყებული უარყოფითია, თუმცა, ბოლო 8 წლის განმავლობაში, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მეტად გაუარესდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 9, და 21, წლის განმავლობაში

როგორც ვთქვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმღები ქვეყნის ვალუტის სიძლიერეზე უდიდეს გავლენას ახდენს, რადგან ინვესტირების პროცესში უცხოური კაპიტალის მფლობელები ადგილობრივი ქვეყნის ვალუტაზე მოთხოვნას ზრდიან.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლების განმავლობაში, ცვალებადია. 2000-2005 წლების განმავლობაში, ქვეყანაში ჯამურად $1.68 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ყოველწლიურად – საშუალოდ, $0.28. 2006-2010 წლებში ინვესტიციების ოდენობამ $6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, წლიური საშუალო კი $1.2 მილიარდს შეადგენდა. 2011-2015 და 2016-2020 წლების განმავლობაში, მაჩვენებელმა ზრდა შეწყვიტა და შედარებით დასტაბილურდა – ამ პერიოდებში ქვეყანამ $6.7 და $6.8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, შესაბამისად.

ნიშანდობლივია წლიური ზრდის ტრენდი. 2005-2012 წლებში ქვეყანაში შემომავალი პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა ასე იცვლებოდა:

საქსტატი

2005-2007 წლებში დაფიქსირებული 260%-იანი ზრდა 2008-2009 წლებში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ფერხდება – 2008 წლის აგვისტოს ომი და ამავე პერიოდის მსოფლიო ფინანსური კრიზისი. 2010 წლიდან მაჩვენებელი აღდგენას იწყებს და 2011-ში თითქმის 2006 წლის დონეს უბრუნდება.

ბევრად უფრო გაუგებარია ტრენდის ცვლილება 2012-2020 წლებში:

მაჩვენებელმა 2014-2017 წლებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, ბოლო 3 წლის განმავლობაში მკვეთრად ეცემა. გამომდინარე იქიდან, რომ არ ფიქსირდება კონკრეტული მაკროეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც შეიძლება ასეთი დონის ვარდნას ხსნიდეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლებში, საქართველომ უცხოელი ინვესტორების ნდობა, უმეტესად, დაკარგა.

ცხადია, კვლავ ცალკე უნდა გამოვყოთ 2020 წლის ვარდნა, რაც, დიდწილად, პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ეკონომიკური შოკითაა განპირობებული, თუმცა მიზეზის „ნეიტრალურობა“ ვალუტის გაუფასურებისგან ვერ დაგვიცავს.

დასკვნა: ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო $1.1 მილიარდი დოლარია, რაც 2011 წლის მაჩვენებლის ტოლია. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2012-ში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის წელს, ბოლო 3 წლის საშუალო $1.0 მილიარდი დოლარი იყო. რომ შევაჯამოთ, ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ქართული ლარის სიმყარეზე ნეგატიურ როლს უფრო თამაშობს, ვიდრე პოზიტიურს.  

ფულადი გზავნილების სტატისტიკა

საქართველოში ფულადი გზავნილების ჯამური მოცულობა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2012 წლიდან მოყოლებული, 2015-2016 წლების ვარდნის მიუხედავად, ჯამური გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა:

საქსტატი

ნიშანდობლივია ისიც, რომ 2021 წლის თებერვალში, ისტორიაში პირველად, რუსეთის ფედერაცია ფულადი გზავნილების სიდიდით პირველ ადგილს ვეღარ იკავებს – სიის სათავეში იტალია მოექცა.

დასკვნა: საქართველოში ფულადი გზავნილები, ბოლო 5 წელია სტაბილურად იზრდება. აქედან გამომდინარე, მაჩვენებლის გავლენა ქართული ლარის სიმყარეზე ცალსახად პოზიტიურია. გასათვალისწინებელია რუსეთიდან გზავნილების შემცირებაც, რაც საქართველოს ოკუპანტზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.

 ტურიზმი და რუსი ტურისტები ბოლო 8 წლის განმავლობაში – პანდემიის წლის გარეშე

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია ქართული ოცნების წევრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 1 აპრილს, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ეროვნული ვალუტის პოტენციური გაუფასურების თაობაზე გამოთქვამდა წუხილს:

"იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი [სავალუტო] ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან, ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან".

ყოფილმა პრემიერმინისტრმა "ზვარგადასულ რეაქციად" საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოიხსენია, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ქვეყანაში შემოსვლას მოჰყვა. რუსი ტელეწამყვანი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პოზნერს თან ახლდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. ვიზიტორების ჯგუფმა, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების, მათ შორის, კომენდანტის საათის, გვერდის ავლით, სასტუმრო VINOTEL-ში ისადილა, რომელიც შესაბამის დროს ღია არ უნდა ყოფილიყო.

ამ კრიტიკის ფონზე, საინტერესოა, რამდენად დიდ როლს თამაშობს ქართული ლარის გამყარებაში არამხოლოდ ტურიზმი, არამედ, კონკრეტულად, რუსი ტურისტები.

2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს ქვეყანაში, ჯამურად, 4.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, 2019-ში კი – 9.3. ამ წლების განმავლობაში, ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების წილი, საშუალოდ, 72%-ს შეადგენდა, რუსეთიდან შემოსულთა კი – 13%-ს.

საქსტატი

ამ პერიოდში გაიზარდა როგორც ევროპელი, ისევე რუსი ტურისტების რაოდენობა და პროცენტული წილი ტურიზმში, თუმცა, რუსეთიდან შემომავალი ტურისტების წილი, ცალკეულად, მაინც დაბალია.

საინტერესოა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების განაწილება რეგიონების მიხედვით. 2019 წელს, ევროპელი ვიზიტორების მიერ საქართველოში გაწეული საშუალო დანახარჯი 1 864 ლარს შეადგენდა, რუსი ვიზიტორებისა კი – 1 282 ლარს. ეს სტატისტიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:

GNTA

დასკვნა: წლების განმავლობაში, რუსი ვიზიტორები საქართველოში შემოსული არარეზიდენტების, საშუალოდ, 13%-ს შეადგენენ, ევროპელები კი – 72%-ს. გარდა ამისა, ევროპელი ვიზიტორები რუსებზე, საშუალოდ, 1.54-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ. და ბოლოს, რუსი ვიზიტორები ქართული ლარის სანაცვლოდ, უმეტეს შემთხვევაში, რუსულ რუბლს ცვლიან, რაც ლარს კონკრეტულად რუბლის მიმართ ამყარებს. ევროპელი ვიზიტორები კი ევროს შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. 

შეჯამება

ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედი 4 ძირითადი ფაქტორის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

  • საქართველოს სავაჭრო ბალანსი ბოლო 8 წლის განმავლობაში გაუარესდა, ოკუპანტზე დამოკიდებულება კი, იმპორტის სიდიდის სახით, გაიზარდა. ეს ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა და 2011 წლის დონეს გაუტოლდა, ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარზე მოთხოვნა შემცირდა.
  • ფულადი გზავნილების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა გამომგზავნი ქვეყნების სიაში პირველობა დაკარგა. ეს ფაქტორი ეროვნული ვალუტის სიმყარეზე პოზიტიურ როლს თამაშობს, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე დიდს. 
  • 2012-დან 2019 წლის ჩათვლით, ტურიზმი თითქმის გაორმაგდა. საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან, რუსეთის მოქალაქეები უმნიშვნელო 13%-ს იკავებენ, ევროპიდან შემომავალი ვიზიტორები კი – 72%-ს. შედეგად, რუსი ტურისტების პოზიტიური გავლენა ქართული ვალუტის სიმყარეზე საკმაოდ მცირეა. სამომავლოდ, ქართული ვალუტის გამყარების ერთ–ერთ ბერკეტად დასავლელ ვიზიტორზე ორიენტირებული ტურიზმი უნდა იყოს განხილული. 

 

კომენტარები