ფასები

რატომ გაძვირდა მზესუმზირის ზეთი?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდან ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: 

  • ზეთი და ცხიმი – 35.8%

  • ყავა, ჩაი და კაკაო – 13.7%

  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.0%

მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები 36%-ით გაძვირებულ მზესუმზირის ზეთს მოჰყვა, რადგან პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში აქტიურად გამოიყენება. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2021 წლის თებერვალში, მზესუმზირის ზეთის ფასი, რეკორდულად, წლიური 62%-ით გაიზარდა. დღესდღეობით, სავაჭრო ობიექტებში 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შეძენა 6-8 ლარადაა შესაძლებელი. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა რუსეთის ბაზარზე არსებულმა ტენდენციებმა განაპირობა, რადგან საქართველოს მზესუმზირის ზეთის 90% სწორედ რუსეთიდან შემოდის.

რუსეთში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებამ და ზაფხულში არახელსაყრელი ამინდის გამო მოსავლის შემცირებამ გაზარდა წარმოების დანახარჯები, რამაც რუსული მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდა გამოიწვია. რუსულ ბაზარზე აღნიშნული პროდუქტის ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც ფასების ზრდაზე აისახა. კერძოდ, რუსული მზესუმზირის მარცვლის 1 ტონის ფასმა 2020 წელს 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია:

Rosstat

გაზრდილია თავად მზესუმზირის ზეთის ფასიც. რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი ფედერაციაში 5-წლიან მაქსიმუმზეა:

Rosstat

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, "[გაძვირების] მიზეზია ლარის გაუფასურება, ასევე მიზეზია ამ პროდუქტზე საერთაშორისო ფასების გაზრდაც, რაც პანდემიამ გამოიწვია".

 

კომენტარები