ლარის გაცვლითი კურსი

წელს ლარის გასამყარებლად სებ-მა $93 მილიონი გაყიდა—ლარი 30 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

მიმდინარე წელს სავალუტო აუქციონებზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 93 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ინტერვენციების მიზანი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. ამის მიუხედავად, პირველი იანვრიდან დღემდე ლარი 11% გაუფასურდა. წელს ერთი დოლარი 30 თეთრით გაძვირდა. 

დღეს, ლარი კიდევ ერთხელ — 0,42 თეთრით გაუფასურდა. 28 ნოემბრის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2,9754 ლარი ღირს. ეს მას შემდეგ, რაც გუშინ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. 

სებ-ის ინტერვენციის შემდეგ, ეროვნული ვალუტი 0,4 თეთრით გამყარდა, თუმცა დღეს ეს მატება მინუსში წავიდა. სებ-ის ჩარევის მიუხედავად, კურსის გაუფასურება ლარის მიმართ პესიმისტურ მოლოდინებზე, დოლარის გაზრდილ მოთხოვნაზე და ლარის შემდგომ მოსალოდნელ გაუფასურებაზე მიანიშნებს. 

ეროვნული ვალუტა წლის განმავლობაში ძირითადად გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა. ერთი დოლარის ღირებულება ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან 3 ლარის ნიშნულს რამდენიმეჯერ მიუახლოვდება. ყოველ ესეთ შემთხვევაში საქმეში ეროვნული ბანკი ერთვებოდა. 

მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა სულ სამჯერ გაყიდა დოლარი. ჯამურად ამ აუქციონებზე სებ-მა 93 მილიონი დოლარი გაყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით - 40 მილიონი დოლარი სებ-მა 27 სექტემბერს, მაშინ გაყიდა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2,9808 ლარი შეადგინა. 

უნდა ითქვას, რომ ამ ინტერვენციებს, მყისიერი დადებითი ეფექტი ლარის გაცვლით კურსზე არ მოჰყოლია. 2019 წლის პირველ იანვარს ერთი დოლარის ღირებულება 2,6727 ლარი იყო. გამოდის, რომ წლის დასაწყისდან დღემდე ლარი 11%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში ერთი დოლარი 30 თეთრით გაძვირდა. 

ცნობისთვის, წელი ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვების აქტიური შევსებით დაიწყო. სულ მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 125 მილიონი დოლარი შეიძინა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამის ფონზე შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში ლარის გაუფასურება კვლავაც მოსალოდნელია. ამას ადასტურებს გუშინდელი სავალუტო აუქციონის შედეგები და ლარის დღევანდელი კურსი. 

 

კომენტარები