პოზნერის ვიზიტი

ლომჯარია: თუ პირის შემოსვლა არ არის ქვეყნის ინტერესში, მთავრობას აქვს უფლება, არ შემოუშვას

სახალხო დამცველი

"გარკვეული გარემოებები ან ეჭვები თუ არსებობს, რომ კონკრეტული პირების შემოსვლა არ არის ქვეყნის ინტერესებში, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, ისინი არ შემოუშვას". - თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და კომპეტენცია, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობითაც, რომ, თუ არსებობს გარკვეული გარემოებები, ან ეჭვები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული პირების ქვეყანაში შემოსვლა არ არის სახელმწიფი ინტერესებში გარკვეული გარემოებების გამო, მას შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვას. ამ უფლებამოსილებას ჩვენი სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც არაერთი პირი მიმართავს ხოლმე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, ძალიან ბუნდოვან მუხლზე მითითებით, სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს ამ უფლებამოსილებას.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ბერკეტიც, რომ, თუ ის ამ რისკებს ხედავდა, თუ მისთვის არასასურველი პირები იყვნენ, მათი პოლიტიკური მოსაზრებების თუ სახელმწიფოს ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო, მიეღო ეს გადაწყვეტილება". - ამბობს ლომჯარია. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები