ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანე: ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილეებს ზიარებას ვუკრძალავ, მოინანიონ

კარიბჭე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებულ პირებს ზიარება აუკრძალა. ამის შესახებ მან ქადაგებისას თქვა და აღნიშნა, რომ აკრძალვა ეხებათ ერისკაცებსაც და სასულიერო პირებსაც. 

მისივე თქმით, ზიარების უფლებას მხოლოდ მონანიების შემდეგ მისცემს. 

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ამბოხი ჯერ კიდევ გრძელდება, თავისი სხვადასხვა გამოხატულებით. ყველამ მოინანიოს, ერისკაცებს მივმართავ პირველ რიგში, ამ ეტაპზე. მოინანიონ ყველამ და სთხოვონ შენდობა თავის მოძღვარს. ვინც არ მოინანიებს, ეკრძალება ზიარება. ვინც არ არის ქრისტიანი, ეს იმათთვის არაფერი არაა, მაგრამ ისედაც უკვე იმათთვის არაფერი არაა. 

ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში, ასევე, დღეიდან ვინც არ მოინანია, ეკრძალებათ ზიარება სანამ არ მოინანიებენ. ზუსტად რომ ვიცოდე, რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ამ უზიარებლობის ეპიტიმია მოეხსნებათ მხოლოდ მათ, ჩვეულებრივ ბერებს და მონაზვნებს, არ ვგულისხმობ ხარისხში მყოფებს. მოეხსნებათ მათ, თუ ზუსტად მეცოდინება და მათგან მეცოდინება, რომ მათ მოინანიეს. თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას. უბრალოდ შეუძლიათ, მოვიდნენ და მთხოვონ შენდობა. თუ დავრწმუნდები, რომ მათ არანაირი მზაკვრობა გულში არ აქვთ, მივცემ საშუალებას რომ ეზიარონ". – ამბობს მეუფე სტეფანე. 


პირველი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მოხდა. მას მერე, რაც ეპარქიის აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გალობა გააგრძელა და კითხვებს არ უპასუხა. მანამდე, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამის შემდეგ, 24 მარტს ბალდის მონასტერში სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ყოფილი წინამძღოლი მეუფე პეტრე საეკლესიო კანონების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მეუფე პეტრეს გერმანიაში შვილი ჰყავს და მალავს.  სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და "ცრუ" უწოდეს. დაპირისპირების პარალელურად მეუფე სტეფანემ კვლავ გალობა დაიწყო. 

კომენტარები