ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს "30 ვერცხლი" ესროლეს

მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები პროტესტით დახვდნენ და ხურდები შეაყარეს.

"იუდა, იუდა. აჰა, იუდა და მიიღე 30 ვერცხლი". - სკანდირებდნენ და მიტროპოლიტს ხურდებს ესროდნენ განკვეთილი სასულიერო პირები.

წირვის შემდეგ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა თავად ჭყონდიდის ეპისკოპოსი. მან განკვეთილ სასულიერო პირებს იუდები უწოდა.

"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით. განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს, არიან განკვეთილები, სამოქალაქო პირები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა?". - ციტირებს მეუფე სტეფანეს სიტყვებს ინტერპრესნიუსი.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 2021 წლის 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები