ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანე სალხინოს მონასტერზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან გათავისუფლებულიყო

მიტროპოლიტი სტეფანე

"ღვთისწყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის არ მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის და თავისი ინტერესების გატარებისთვის".- ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას გამოეხმაურა ეპარქიიდან სასულიერო პირების განდევნას. 

მისი თქმით, დღევანდელი დღე დღესასწაულია, რადგან "ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი". 

"დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორიც აქ უნდა იყოს. ყველაფერი შესრულდება ეკლესიის კანონით და წესით და ეს არის გაფრთხილება ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას და ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ვითომდა წესრიგის დამყარების სიტყვებით არეულობა შემოიტანოს.

ვხედავთ, რა მძიმე ვითარება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში და ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მიილია და ცოტა ხანში, ჭყონდიდის ეპარქია იქნება ყოველგვარი განგომილებისა და უაზრო ქცევების გარეშე ემსახურება უფალს".- თქვა მიტროპოლიტმა. 

დღევანდელ წირვას სალხინოს მრევლი არ ესწრებოდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მრევლი და განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებსაც მიტროპოლიტი მონასტერში არ უშვეს, შეკრებას დღესაც გეგმავენ. 

ჭყონდიდი ეპარქიაში რამდენიმე დღეა ისევ ხმაურია . ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და მათ ნაწილს მისი დავალებით სალხინოს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები