მეწყერი

გოდოლაძე: გერმანელებმა თქვეს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ბარიერებია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ გუშინდელი შეხვედრისას გერმანელ გეოლოგებთან ყველა პუნქტზე შეთანხმდნენ. გოდოლაძე ამბობს, რომ დაანკერება, რომელიც თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ერთ-ერთ ღონისძიებად განიხილება, დაძრული მეწყრის დროს არ შეიძლება და ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ბარიერები, რათა გავრცელების სიჩქარე დავარდეს.

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გუშინ საუბრის დროს ყველა პუნქტზე შევთანხმდით გერმანელ მეცნიერებთან! მათ ცალსახად თქვეს, რომ ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, ბარიერებია, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავაგდოთ და ხალხს დრო მივცეთ! მეწყრისთვის ხელის დაკარებაზე საუბარიც არ ყოფილა. ყველამ ვიცით, რომ საშიშია! მთავარია მონიტორინგი და მოგვიწონეს, რასაც ვაკეთებთ და ყველა პუქტზე დაგვეთანხმდნენ! თქვეს, რომ აქ ბევრი "ჭკვიანის" პოზიციას არ იზიარებენ და საშიშია!

დაგვღუპავს ეს საბჭოთა სკოლის ხალხი! ინგლისური ისწავლეთ და დაგუგლეთ! დაძრული მასშტაბური მეწყრის დროს, რომელი ჭკვიანი აკეთებს დაანკერებას!". - წერს გოდოლაძე.

გუშინ, 25 მარტს, ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყრის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები