თურქეთის ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკა ინფლაციის დონის ზრდისა და ლირის გაუფასურების წინაშეა

ფოტო: ft.com

თურქულმა ლირამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, ის დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა  და, ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ლირის გაუფასურების პროცესი დიდ ხანს გაგრძელდეს და ინფლაციის დონემ 20%-ს მიაღწიოს. 

ლირის მკვეთრი გაუფასურების პროცესი ერდოღანის მიერ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნაჯი აგბალის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ დაიწყო.

ქვეყანაში არსებული მაღალი, 15%-იანი, ინფლაციის დონის გამო აგბალი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ითხოვდა, ხოლო ერდოღანი მას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. 

2021 წლის მარტში აგბალმა რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 19%-მდე გაზარდა, რის გამოც ერდოღანმა ის სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად საჰაპ კავჩიოღლუ დანიშნა. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მესამედ შეიცვალა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ინვესტორებმა თურქეთის მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკისადმი ნდობა დაკარგეს, რამაც ბაზარზე პანიკური ვაჭრობა და, შესაბამისად, ლირის გაუფასურება გამოიწვია. 

21 მარტს დოლარის ღირებულება ლირასთან მიმართებაში 7.218-დან 8.485-მდე გაიზარდა, ანუ დოლარი ლირასთან მიმართებაში თითქმის 17.5%-ით გამყარდა. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს თურქეთში ინფლაციის დონემ 20%-ს გადააჭარბოს. 

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქეთის ეკონომიკური პრობლემის მოგვარება ერდოღანისა და ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტის გეგმით შეუძლებელია და, უფრო მეტიც, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კიდევ უფრო მეტად გაზრდის თურქეთისადმი ინვესტორების უნდობლობას, რაც, თავის მხრივ, დააჩქარებს ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის დონის ზრდის ტემპს.  

კომენტარები