თურქეთის ეკონომიკა

ინფლაციის შესაჩერებლად თურქეთი საკვებ პროდუქტებზე დღგ-ს ამცირებს

ინფლაციის შესაკავებლად თურქეთი ძირითად საკვებ პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) 8%-დან 1%-მდე ამცირებს. გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა.

ერდოღანმა კომპანიებს მოუწოდა, მომავალი კვირიდან ცვლილება პროდუქტის ღირებულებაზე აისახოს და ფასები შეამცირონ. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე შეიქმნება მობილური აპლიკაცია და სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფასებს შეამოწმებს და მოქალაქეებს იაფი პროდუქტის პოვნაში დაეხმარება.

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე თურქეთში ინფლაციის დონემ 48.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ენერგოპროდუქტების ღირებულება თურქეთში, დაახლოებით, 76%-ით გაიზარდა, სურსათი კი 55%-ით გაძვირდა.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის დონის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკის მიერ მისი მაკონტროლებელი მექანიზმის, რეფინანსირების განაკვეთის 14%-მდე შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიზეზი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნაა. 

ერდოღანის ხედვა ეწინააღმდეგება ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებს. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს. 

2021 წლის მარტში ერდოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო.  ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები