თბილისში, კერძო ბაღში - ბელმარში ბავშვის მიმართ სავარაუდო არასანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედამ, ედიტა დანელიანმა Facebook-ზე დაწერა.
"როცა კერძო ბაგა-ბაღი ბელმარი ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად აღნიშნავდა, ამ დროს მე ჩემი შვილი ნერვოპათოლოგთან და ფსიქოლოგთან მყავდა. ბავშვს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. ჩემი 3 წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს, ბელა გაბუნიას და მასწავლებელს, თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა, რომ თურმე, იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა. ერთი თვის განმავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა, მასწავლებელი მცემს, თმებს მაწიწკნის, მეშინია, მცივა და იატაკზე არ დამაწვინო დედაო, რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვხვდებოდი, ბავშვი რას მეუბნებოდა. რომ შევატყე, ბავშვი უკვე ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად, აგრესიულად, სულ ტიროდა დაამბობდა, მცივა, ჩამაცვი, მეშინიაო - ღამე იღვიძებდა და ტიროდა, ბაღში არ წამიყვანო და დედა, ძირს არ დამაძინოო. ყველა ვიდეოჩანაწერი მაქვს, სადაც ბავშვი ამას მიყვება. თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს კამერების ჩანაწერები მოვითხოვე, რაზეც მითხრა, რომ საფუძველი არ აქვს, მაჩვენოს, რის შემდეგაც ვუთხარი, რომ თუ არ მაჩვენებდა, კანონს მივმართავდი. ამის მერე რაც ვნახე, ეს იყო არაადამიანური, ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ. პირადად ჩემს შვილს ტანსაცმელს ხდიდნენ და ძირს, იატაკზე აწვენდნენ. ბავშვი ყოველდღიურად 3-4 საათი შიშველი იყო ერთ ბოდეში. ბავშვი როცა დგებოდა, მასწავლებელი უთითებდა, რომ უნდა დაწვეს - იმავე ჯგუფში ყველა იჯდა, თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა. იმის მიუხედავად, რომ ბავშვი შველას ითხოვდა, მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით. 4 საათის მერე, როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ასე ნელი ნაბიჯებით, შიშველი დადგა მასწავლებელთან, მაჭამეო, იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა, რის შემდეგაც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დაააგდო ძირს იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს ზეწარი, როგორც გვამს.
ეს ხდებოდა ყოველდღიურად. 10-ის ნახევარზე გაღვიძებულ ბავშვს, 11:00 საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ, ასე ძალადობდნენ ჩემს შვილზე. სხვა ბავშვებს იმავე ოთახში უცვლიდნენ, რასაც დანარჩენი ბავშვები ხედავდნენ - გოგო, ბიჭი, ყველა, იმავე ოთახში ეძინათ ბავშვებს მაგიდებზე. მაქვს ვიდეოჩანაწერები და ფაქტები.
გთხოვთ, ყველამ წარმოიდგინეთ თავი ჩემი და ჩემი შვილის ადგილას და დარწმუნებული ვარ, ყველამ რომ მოითხოვოთ კამერების ჩანაწერები, თქვენც ბევრ რამეს ნახავთ. ჩემი შვილი არის განადგურებული, დანგრეული აქვს ფსიქიკა და ბაღი ბელმარი აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს, როცა ჩემი შვილი ამ დღეშია და სამკურნალოა. ჯანმრთელი შვილი გამინადგურეს, მიწასთან გაასწორეს 3 წლის ბავშვი". - დაწერა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.




