თურქეთის ეკონომიკა

თურქეთი ინფლაციის პირისპირ – ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 73.5%-ით გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასები, გასულ წელთან შედარებით, 73.5%-ით გაიზარდა. ხოლო თვიურმა ინფლაციამ თითქმის 3%-ს მიაღწია.

თურქეთში ინფლაციის დონე სწრაფი ტემპით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის ამხელა მაჩვენებელი 1998 წლიდან მოყოლებული არ დაფიქსირებულა. ენერგოკრიზისისა და საკვებზე ფასების მატების ფონზე, თურქეული ლირაც გაუფასურდა. ამას ხელი ქვეყნის შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო. 

საყურადღებოა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთში წლიური ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც მთავრობის მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ქვეყანაში წინა პლანზე ეკონომიკური ზრდა და ექსპორტი დგას.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ინფლაციასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია უკავია. იგი მხარს უჭერს თეორიას, რომ ინფლაციას მაღალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებს და არა - პირიქით. ამიტომ, ლირის გაუფასურებისა და ფასების გაზრდის რისკების მიუხედავად, თურქეთის ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდის. ამ მიდგომამ ლირის დოლართან მიმართებით სრული გაუფასურება გამოიწვია. 

ექსპერტები ვარაუდობდნენ იმასაც, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს. 

2021 წლის მარტში ერდოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს. როგორც აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა.

ასევე, 2021 წლის დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

კომენტარები