თურქეთის ეკონომიკა

თურქეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე: ქვეყანაში ინფლაციის დონემ 48.7%-იან ნიშნულს მიაღწია

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე, თურქეთში ინფლაციის დონემ 48.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო ოცი წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ენერგოპროდუქტების ღირებულება თურქეთში, დაახლოებით, 76%-ით გაიზარდა, სურსათი კი 55%-ით გაძვირდა.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის დონის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკის მიერ მისი მაკონტროლებელი მექანიზმის, რეფინანსირების განაკვეთის 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნაა. 

"საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას გავაგრძელებ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა.

დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები