ნიკა მელიას დაკავება

კობახიძე მელიას დაკავებაზე: იმართებოდა სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებდით

ტაბულა

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობასთან ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით, წინასწარ იმსჯელებთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე? პასუხი არის მარტივი, რა თქმა უნდა, იმსჯელებთ ამაზე..." - ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით თავისი განცხადება.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია "მელიას აყვანის მომხრე 17:00 საათამდე იყო", მაშინ, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილება 17 თებერვლის 22:00 საათზე გამოაცხადა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას ან არ დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ორივე ვარიანტთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება. თუ მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაპატიმრების შესახებ, ამასაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილებას, იქ სხვა რეაგირება იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავდით ორივე ვერსიას და, ბუნებრივია, ორივე ვერსიასთან მიმართებით გვქონდა ჩვენი პოზიცია". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით "დანარჩენი არის სპეკულაციები".


გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები