შარლ მიშელის ვიზიტი

დეგნანი: ძალიან სასარგებლო იყო შარლ მიშელის ჩამოსვლა საქართველოში

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს  და კონგრესის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოზე. მისივე თქმით, მსგავსი გამოხმაურება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იმავე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს“. - ამბობს კელი დეგნანი. (პირველი არხის თარგმანი)

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან გამოსავლის ძიების მცდელობებზე.

„გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება". - ამბობს კელი დეგნანი


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა  1-ლ მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს დაემატა კიდევ 2, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში

კომენტარები