შარლ მიშელის ვიზიტი

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა 19 აპრილის შეთანხმება – სამოქალაქო სექტორი, მედია მიშელს

შარლ მიშელი
Twitter/@eucopresident

სამოქალაქო სექტორმა და მედიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ერთობლივი წერილით მიმართეს. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. პრაიდის კვირეულისას კი მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები. ტაბულა წერილს სრულად გთავაზობთ:

ბატონო პრეზიდენტო მიშელ,

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ. 

გულითადად მივესალმებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სულისკვეთებას გააღრმავოს და გააძლიეროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, შორის არსებული ურთიერთობები. ამ წერილის ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თქვენს ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე. 

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან. 

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები  ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.  საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა. 

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს  კი  ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • Alliance of Broadcasters - AB / მაუწყებელთა ალიანსი
  • Institute for Development of Freedom of Information - IDFI / ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • International Society for Fair Elections and Democracy - ISFED /  სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
  • Transparency International - Georgia / საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • Georgian Young Lawyers Association - GYLA /  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • Georgian Charter of Journalistic Ethics / საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • Georgian Democratic Initiative - GDI  /  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
  • Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators /საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • Rights Georgia / უფლებები საქართველო
  • Open Society Foundation / ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  • Georgian Regional Media Association - GRMA / საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • Liberal Academy Tbilisi / ლიბერალური აკადემია თბილისი
  • Media Development Fund / მედიის განვითარების ფონდი
  • Media Rights  / მედიის უფლებები
  • Media Club / მედია კლუბი
  • TV Network / სატელევიზიო ქსელი
  • Civil Society Institute (CSI) - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • Democracy Research Institute (DRI) /  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • Human Rights Center (HRC) / ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • Shame Movement / მოძრაობა სირცხვილია 
  • Social Justice Center / სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • Sapari / საფარი 
  • Partnership for human rights / პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  • Pen Center / პენცენტრი
  • Media and Communication Educational and research Center / მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
  • Independent Journalists’ House /თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • Green Sector / მწვანე სექტორი
  • Mtavari arkhi / Მთავარი არხი
  • Formula / ფორმულა
  • TV PIRVELI /ტვ პირველი
  • TV Kavkasia / ტელეკომპანია კავკასია
  • Media Holding Hereti / მედიაჰოლდინგი ჰერეთი
  • Newspaper Batumelebi /გაზეთი ბათუმელები
  • Netgazeti /ნეტგაზეთი
  • Indigo Media / ინდიგო მედია
  • Publika / პუბლიკა
  • Tabula / ტაბულა
  • Media Holding Kronika  / მედიაჰოლდინგი ქრონიკა
  • ON.ge/ონ.ჯი
  • Media.Ge /მედია.ჯი
  • Investigative Journalists’ Team “iFact” / გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  • Internews Georgia /ინტერნიუსი საქართველო
  • Openrustavi.Ge/ ღია რუსთავი.ჯი
  • Media Group Rusavi / რუსთავის მედია ჯგუფი
  • Guriismoambe.com / გურიის მოამბე
  • Metronom.ge / მეტრონომ.ჯი
  • Kutaisi Today /ქუთაისი თუდეი
  • Radio old town / რადიო ძველი ქალაქი
  • Dailyinfo.ge  / დეილიინფო ჯი
  • At.ge
  • FirtsNews.ge
  • News Agency Expressnews
  • TV akhali / ტელეკომპანია ახალი
  • TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში
  • Newsrepors.ge
  • Nevsposts.ge
  • Kutaisi Post
  • Institute of Democracy /დემოკრატიის ინსტიტუტი
  • TV 25
  • Ecofact.ge /ეკოფაქტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და ოპოზიციის წევრებთან. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.


ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს, თუმცა, 23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.

​საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებებისა და 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების მიუხედავად, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი  სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები