შარლ მიშელის ვიზიტი

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

European Council

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ღარიბაშვილის თქმით, მან მიაწოდა მიშელს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება შეთანხმებას სრულად ასრულებს, ოპოზიციის ნაწილს კი კვლავ არ აქვს მოწერილი ხელი შეთანხმებაზე.  

"მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან, პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. ვუთხარი, რომ ვართ მოტივირებულები და ჩვენი მხრიდან შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. ასევე, მე მას ვუთხარი, რომ დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რაც არის დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის". – ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, მან სთხოვა პრეზიდენტ მიშელს, რომ მოახლოებული არჩევნებისთვის საქართველოში ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოს, რომ "არავის მიეცეს საშუალება სპეკულაციის". 

"მეორე, რაც ჩვენ მას ვუთხარით, ჩვენ ვართ მობილიზებულები, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი გამჭვირვალე და ზოგადად, მე ვთხოვე პრეზიდენტ მიშელს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით საქართველოში, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის". – ამბობს ღარიბაშვილი. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და ოპოზიციის წევრებთან. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.


ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს, თუმცა, 23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები