შარლ მიშელის ვიზიტი

ლევან სუთიძე: მიშელის გზავნილები არაადეკვატური და კონტრპროდუქტიულია კრიზისთან მიმართებით

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ მიშელის საჯარო გზავნილები არაადეკვატური და კონტრპროდუქტიულია იმ კრიზისთან მიმართებით, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შეიქმნა და მის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაღრმავდა.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ეს სუსტი განცხადება ავტორიტარიზმის შეშლილ გუშაგებს მხოლოდ წაახალისებს, აი, იმ გუშაგებს, რომელთაც ბატონი მიშელი კუდიანებზე ნადირობიდან ათ დღეში შეხვდა და ამ შეხვედრისას სისხლი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამობანილი.

ამაში დამნაშავე პრეზიდენტი მიშელი არ არის – უფრო სწორად, ჩვენ ის არ აგვირჩევია და პასუხსაც ვერ მოვთხოვთ. დამნაშავეა უხერხემლო ქართული პოლიტიკური ოპოზიცია, მათი ტაშისმკვრელი სამოქალაქო სექტორი და ყველა, ვინც შექმნა ილუზია, რომ კრიზისმა გადაიარა. ვინც ამ სიმულაკრაში ჩარჩენისთვის სინტაქსიც კი ამოაყირავა და წინადადებებსაც აღარ ამბობს – იმიტომ, რომ წინადადებები დასრულებულ აზრებს გამოხატავენ და ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის უმრავლესობა უბრალოდ უშინაარსოა.

ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, ან გავაგრძელებთ ცხოვრებას ამ სამარცხვინო ილუზიაში, ნორმალურობის ამ ამორალურ იმიტაციაში, ან ვაიძულებთ ჩვენს პოლიტიკურ კლასს, დატოვოს პარლამენტი და შექმნას რეალური წნეხი.

ამ სიტუაციაში, პრეზიდენტ მიშელს, უზარმაზარი დათმობების მიუხედავად, პოლიტიკურმა ოპოზიციამ ტონი ვერ გაამკაცრებინა, არათუ რაიმე შედეგი გამოიტანა.

მე მართლა არ მაქვს დისკუსიის სურვილი იმათთან, ვინც ეს რეალობა ვერ დაინახა, იმათ მოგმართავთ, ვინც დიდი ხანია ხედავთ და გაწუხებთ.

ან გავაძლიერებთ ამ შეხედულებას, ან ზოგი საკუთარ შეცდომას გადაგვაყოლებს, ზოგი საკუთარ ხელფასს და ზოგიც შესაძლებლობას, ბობოლებს შეხვდეს ხოლმე საკონფერენციო დარბაზში.

წერს ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. 

კომენტარები