შარლ მიშელის ვიზიტი

ბოკერია: შეთანხმებული ჩარჩოს საკვანძო საკითხებია ვადამდელი არჩევნები და მართლმსაჯულება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგია ბოკერია, მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრობს. ბოკერიას თქმით, შემუშავდა ჩარჩო, რომელშიც შედის როგორც გრძელვადიანი საკითხები - საარჩევნო სისტემის რეფორმა და მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე მყისიერად გადასაჭრელი საკითხებიც - პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური საქმეები, მათ შორის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებიც. 

"გარდა იმ ფაქტისა, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად, შეერთებული შტატების შემდეგ მაინც, ევროკავშირის ასეთი თანამდებობის პირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, ეს თავისთავად ფაქტორი იყო და რა ნაბიჯიც გადაიდგა მისი ინიციატივით, არის იმ ჩარჩოს შემუშავება, რომელშიც შედის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გადაჭრაც არის აუცილებელი ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის. აქ არის გრძელვადიანი საკითხებიც, გარდა საარჩევნო სისტემის რეფორმისა, მართლმსაჯულების რეფორმა, ეს ერთ დღეში რომ ვერ მოხდება, გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შიგნით წერია. 

არის მყისიერად გადასაჭრელი საკითხებიც, როგორიცაა პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური საქმეები, პოლიტიკური პატიმრების თემა, ნიკა მელიას საკითხი, 8 მარტის შეთანხმებიდან ციხეში დატოვებული გიორგი რურუას საკითხი და ვადამდელი არჩევნების საკითხი. ამ ეტაპზე, რაც შეიძლება ნამდვილად ითქვას, არის ის, რომ ეს ჩარჩო იქნა შემუშავებული პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საწყისი წერტილია ამ ცუდ ვითარებაში, რომელშიც აქამდე ვიყავით და ჯერ კიდევ ვართ". – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, შეთანხმებული ჩარჩოს საკვანძო საკითხები ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.

"ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საჯარო განცხადებებით და იმითი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ეს არის ის დოკუმენტი, რის გარშემოც გაგრძელდება მუშაობა, რა პოლიტიკური ნება აღმოჩნდება შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად ამაზე ყალბ მოლოდინს არ შეგიქმნით და არასწორი იქნება, მაგრამ ის განსხვავება, რაც მე აღვნიშნე, გუშინწინდელ დღესთან შედარებით, ფაქტია, რომ ეს ჩარჩო არის ის, რაზეც მოხდა თანხმობა, რომ ამ ჩარჩოში უნდა ვიმუშაოთ და ამ ჩარჩოს ნაწილია ბევრი საკითხი, მე ჩამოვთვალე რამოდენიმე და მათ შორის, საკვანძო საკითხებია პოლიტიკური მართლმსაჯულება და ვადამდელი არჩევნები". – ამბობს გიგა ბოკერია.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

კომენტარები