ნიკა მელიას დაკავება

ლომჯარია მელიას გირაოზე: პროკურატურის განცხადება მისი პატიმრობის დაუსაბუთებლობის დასტურია

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოს შეცვლის თაობაზე მიმართავენ, თუ მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

როგორც ლომჯარია ამბობს, პროკურატურა თვლის, რომ გამოძიების წარმართვისთვის ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა საჭირო არ არის. მისივე თქმით, მათი დღევანდელი განცხადება, ამის დასტურია. 

"პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ისინი თვლიან, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არაა საჭირო გამოძიების წარმართვისთვის. თუ ნიკა იქნება გარეთ და გადაიხდის გირაოს, შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება. ესე იგი ისინი თვლიან, რომ ნიკა შეიძლება ყოფილიყო გარეთ. ეს იყო სახალხო დამცველის არგუმენტი, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, რაში შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით. ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი". - თქვა ლომჯარიამ ფორმულასთან საუბრისას. 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები