ნიკა მელიას დაკავება

მელიას ადვოკატი: გირაოს მცველებად გვევლინებიან პროკურატურის თანამშრომლები

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერჯერობით არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა ნიკა მელიას პრინციპულად აქვს ნათქვამი, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, რადგან ეს არაკანონიერი მოთხოვნაა და მას აქვს პრნციპული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბასიალაიას თქმით, სასამართლო განხილვის დროს, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ არანაირი საფუძველი ნიკას მიმართ პატიმრობის გამოყენების არ იყო.

"პროკურორის ბრიფინგისას მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამოცანები იქნეს მიღწეული, არა იმიტომ, რომ მიმალვის საფრთხე ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეა, არამედ იმიტომ, რომ ნიკა მელიას არ აქვს გირაოს თანხა გადახდილი. გირაოს მცველებად გვევლინებიან პროკურატურის თანამშრომლები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რაშიც ხელისფლება იმყოფება და ისინი ცდილობენ თავიანთსავე ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას". – ამბობს ბასილაია ტვ პირველის ეთერში.

რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, მიმართოს საქალაქო სასმართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

"​დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე". – აცხადებს პროკურატურა.

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები