ნიკა მელიას დაკავება

EU: მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლარიზაცია გაღრმავდა – დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის

Emerging Europe

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს და მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზსს.

"საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას

გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში". – ნათქვამია განცხადებაში.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები