ნიკა მელიას საქმე

აშშ-ს საელჩო: მხარეებმა თავი აარიდონ ქმედებას, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. სალეჩო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც. დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები