ნიკა მელიას საქმე

მელია ლიტვის ელჩზე: მოსვლა გზავნილია, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს სიმართლეს

ტაბულა

"მოსვლა გზავნილია, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს სიმართლეს". –ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ლიტვის ელჩზე, ანდრიუს კალინდრაზე. 

"მთავარი საკითხი რა იქნებოდა, რთულად გამოსაცნობი არ იყო. პატივცემული ელჩი როდესაც მოვიდა იქ, იმ შენობაში, სადაც შტურმით აღებას გეგმავდა ხელისუფლება, ეს არის მართლაც ნათელი და მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სიმართლეს. ეს იყო დღევანდელი ვიზიტის მთავარი დატვირთვა და მიზანი". – ამბობს მელია.

ანდრიუს კალინდრა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. 

"ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს. მე აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ვითარდება აქ. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება". – თქვა მან. 

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ნიკა მელიას დაკავება გადადეს. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად ამ დრომდე ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის ოფისშია. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების საშუალებას არ მისცემენ და მათ ოპოზიციურ სპექტრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოუწევთ. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.    


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები