ევროპული საქართველო

ბოკერია: პარალელები უპირობო ლიდერებთან არაკორექტულია, ვწუხვარ, რომ ამ ბრალდებებს აყენებენ

"პარალელები უპირობო ლიდერებთან არაკორექტულია, ვწუხვარ, რომ ასეთ ბრალდებებს აყენებენ". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას.

"როცა ამდენ ნეგატივს ამბობ იმ გზაზე, რაც შეიძლება აირჩიოს ამ გუნდმა, ეს არასწორია და, ჩემი აზრით, ამ ტიპის თავდასხმები - ლუკაშენკოსთან შედარება, არასერიოზული და არაკორექტულია, ისევე, როგორც პარალელები უპირობო ლიდერებთან. ევროპულ საქართველოს სამი იერარქიულად გამორჩეული ლიდერი ჰყავდა, ოთხიც ჰყავდა, მაგრამ უამრავი სხვა ლიდერი ჰყავს - ასევე ძალიან გამორჩეული, გვარებს არ ჩამოვთვლი. ჩვენ განვსხვავდებოდით და განვსხვავდებით ყველა სხვისგან, რომ ასე არ დგას საკითხი - ვინმე ავტომატურად ვინმეს მხარს უჭერდეს, იმიტომ, რომ უპირობოა. არავინ არ არის უპირობო. ყველა არის იმ პირობით, თუ უჭერს მას პარტია ხმას.  

[...] უბრალოდ, არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ვწუხვარ, რომ ასეთ არასწორ ბრალდებებს აყენებენ, იმიტომ, რომ ჩვენთან რომც აღმოჩნდეს, რომ ვიღაცას აქვს უპირატესობა პარტიის მხარდაჭერით, სრულიად ნორმალურია, რომ ასეთი დისკუსია ვიღაცას წამოეწყო". - ამბობს ბოკერია ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.  

12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს. "ჩანს, რომ მომენტი დავიჭირე და, არიქა, პარტია ჩემია". - ამბობს გიგი უგულავა გიგა ბოკერიაზე.

დავით ბაქრაძე კი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიას ტოვებს.

გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდით უნდა გაიწიონ. პარტიის ლიდერის შეფასებით, ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ დაეხმარონ პარტიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.

კომენტარები