ევროპული საქართველო

ბოკერია: არ ვიზიარებ, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ გვერდით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ის არ იზიარებს პარტიის კიდევ ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას გადაწყვეტილებას, რომლებიც პარტიას ტოვებენ. 

გიგა ბოკერიას თქმით, თანაპარტიელებისგან განსხვავებით, მას ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ რომელ თანამდებობას დაიკავეს პარტიაში, ან დაიკავებს, თუ არა, ეს კვლავ დისკუსიის საგანი იქნება პარტიაში. 

"ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას. მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე, მათ შორის განახლების საკითხზე, მათ შორის პერსონალურ საკითხებზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე აპრილში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. 

მე ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში. არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს დაკავშირებულია პარტიის განახლების კონკრეტულ ფორმებთან, რა ფორმითაც იქნება საჭირო. 

აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ და გიგიმ თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით ჩვენთვის, იმ რიცხვებით, რა რიცხვებითაც იყო, მანიპულაციის მიუხედავად, ეს არის სერიოზული განსჯის საგანი. მე არ ვიზიარებ მათ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები